ვიდრე კითხვას დასვამთ, დიახ, განზრახული მქონდა შვიდი მიზეზის წარდგენა! გამოცხადების წიგნი შეიძლება შვიდ ბუნებრივ განყოფილებად დავყოთ და რიცხვი 7 ამ წიგნში 54-ჯერ არის ნახსენები. მაგრამ, სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, თუ აქამდე გამოცხადების წიგნიდან არასდროს გიქადაგიათ, იმედი მაქვს აქ ჩამოთვლილი შვიდი მიზეზი გაგამხნევებთ იქადაგოთ საღვთო წერილის ამ უკანასკნელი წიგნიდან.
1. თქვენ უნდა იქადაგოთ გამოცხადებიდან, რადგან ეს წიგნი ისეთივე ღმერთის სიტყვაა როგორც დანარჩენი ბიბლია.
ეს ისედაც ცხადია, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის არ ვეპყრობით გამოცხადებას ისე, რომ ნამდვილად გვწამს, რომ მასში ღმერთის სიტყვაა მოცემული. იესომ მეორე რჯულის ციტირება მოახდინა: „არა მხოლოდპურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.“ (მათე 4:4). და იცით რა? ამ ციტატის ბოლო ხუთი სიტყვა გამოცხადების წიგნზე მიუთითებს!
2. თქვენ უნდა იქადაგოთ გამოცხადების წიგნიდან, რადგან ეს არის ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე მეტად უგულებელყოფილი და არასწორად გაგებული წიგნი.
არსებობენ ორი ტიპის ბიბლიის მკითხველები: (1) ისინი, ვინც იციან, რომ არ ესმით გამოცხადება და „შავიჭირივით“ გაურბიან მას; და (2) ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ესმით ეს წიგნი, თუმცა სინამდვილეში არ ესმით, რაც ალბათ უფრო უარესია! ორივე ტიპის მკითხველს ესაჭიროება ქადაგება გამოცხადების წიგნიდან.
3. თქვენ უნდა იქადაგოთ გამოცხადებიდან, რადგან თქვენი ეკლესია არის გამოცხადების შვიდი ეკლესიის ანარეკლი.
დიახ, ცნობილი შვიდი ეკლესია. გამოცხადების 2 და 3 თავი, ასეა? არა! მთლიანი წიგნი არის უფლის წერილი შვიდი ეკლესიის მიმართ. გამოცხადების წიგნის რომელი მონაკვეთიც არ უნდა წაიკითხოთ, ყოველთვის დასვით კითხვა: „რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ამ ტექსტს იმ შვიდი ეკლესიისთვის?“ ეს შვიდი ეკლესია ჰგავს სარკეს, რომელშიც აისახება „კარგი, ცუდი, საშინელი“ ყველა იმ ეკლესიისა, რომლის ნაწილიც ვართ.
4. თქვენ უნდა იქადაგოთ გამოცხადებიდან, რადგან ბიბლიის არც ერთი წიგნი ისე არ შეესაბამება დღევანდელ მსოფლიოს როგორც გამოცხადების წიგნი.
ალბათ ჩვენს უმრავლესობას დაუყოვნებლივ არ ემუქრება პატიმრობის, წამების ან სასიკვდილო სასჯელის საფრთხე თუ უარს ვიტყვით და ჩვენს კონკრეტულ „კეისარს“ არ ვუწოდებთ „უფალს“. მიუხედავად ამისა, გამოცხადების ორმაგი საფრთხე — ქვეყნიერების მხრიდან დევნა და ქვეყნიერების მიერ ცდუნება — დღესაც ისეთივე რეალურია, მაგრამ სხვადასხვა შენიღბული ფორმით.
5. თქვენ უნდა იქადაგოთ გამოცხადებიდან, რადგან სატანას ეს არ სურს.
დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლიაში სატანას ყველაზე ნაკლებად მოსწონს გამოცხადების წიგნი. რატომ? ორი მთავარი მიზეზით: (1) ის ამხელს მის ყველა საშინელ საიდუმლოს და (2) გვეუბნება როგორ დასრულდება მისი ისტორია. ის ჩაგდებული იქნება ცეცხლის ტბაში მას შემდეგ, რაც კრავი მას საბოლოოდ დაამარცხებს. ამიტომ, სატანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ წავიკითხოთ, არ გავიგოთ და არ ვიქადაგოთ გამოცხადების წიგნი. მისცემთ მას ამის საშუალებას?
6. თქვენ უნდა იქადაგოთ გამოცხადებიდან, რადგან ის ბევრს ლაპარაკობს უფალ იესო ქრისტეზე.
გამოცხადების წიგნი ქრისტეთი იწყება. მისი პირველი ხილვა მას ეხება. წერილები შვიდი ეკლესიის მიმართ მისი წერილებია. გამოცხადების მე-5 თავის შემდეგ, წიგნის მთავარი პერსონაჟი არის კრავი და ესსახელი თითქმის 30-ჯერ ჩნდება ამ წიგნში. გარდა ამისა, წიგნში ნახსენებია ქრისტეს 20-მეტი სხვადასხვა სახელი. სინამდვილეში რის შესახებ არის გამოცხადების წიგნი? არა, ის არ არის სამყაროს აღსასრულზე, არამედ კრავის გამარჯვებაზე გველსა და მის მოკავშირეებზე. გსურთ იქადაგოთ ქრისტე? ძალიან კარგი! მაშინ იქადაგეთ გამოცხადების წიგნიდან.
7. ბოლოს, თქვენ უნდა იქადაგოთ გამოცხადებიდან, რადგან თქვენი ეკლესიისთვის ესიქნება ნუგეშიც და გამოწვევაც.
გამოცხადება მიმართავს ქრისტიანებს, რომლებიც ორი მთავარი საფრთხის წინაშე იმყოფებიან: (1) დევნის დროს დათრგუნულობისა და შიშის საფრთხე; და (2) ზეწოლის დროს დამალვის მცდელობის საფრთხე დაუფლის ღალატი. უფალი მათ საკმაოდ უცნაურ წერილს უგზავნის და განსაცდელში ანუგეშებს, რომ ერთგულება შეინარჩუნონ. თქვენი ეკლესიის წევრებსაც ხომ იგივე სჭირდებათ!
დასკვნა
ნება მომეცით ორი პრაქტიკული გამხნევებით დავასრულო.
(1) არსებობს მრავალი სასარგებლოკომენტარი გამოცხადების წიგნზე: H. B. Swete (1906); William Hendriksen (1940); Michael Wilcock (1984); G. K. Beale (1999); Vern Poythress (2000); Derek Thomas (2003); Steve Wilmshurst (2008) და ა.შ.
(2) სინამდვილეში, დიდი ხანი არ დაგჭირდებათ იმისთვის, რომ მთლიანად იქადაგოთ გამოცხადების წიგნი. არა მხოლოდ აპოკალიფსური ჟანრი, არამედ მსგავსი თემების პროგრესული განვითარების გამო არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ მიზანშეწონილიც კი თანმიმდევრობით იქადაგოთ გამოცხადების წიგნის საკმაოდ დიდი მონაკვეთები.
უფლის დახმარებით თქვენ ამას შეძლებთ!
ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „შვიდი მიზეზი თუ რატომ უნდა იქადაგოთ გამოცხადების წიგნი“ და გამოყენებულია 9Marks Ministries-ის ნებართვით.
Commenti