ისეთი კარგი შეგრძნებაა, როგორ შეიძლება ეს არასწორი იყოს?“
ეს სიტყვები ბენ ვაისმანმა დაწერა ელვის პრესლისთვის, მაგრამ ხშირად მომისმენია ამ ფრაზის სხვადასხვა ვერსია დასაოჯახებელი ქრისტიანებისგან, როდესაც ისინი რომანტიკულ ურთიერთობას იწყებდნენ არაქრისტიანებთან.
მსგავს შეხედულებას კიდევ უფრო ამყარებს სხვათა მოსაზრებებიც:
„ვფიქრობდი, ბიბლიაში დაწერილია, რომ ურწმუნოებთან უღელში არ უნდა შევებათ; შემდეგ კორინთელთა მიმართ მე-2 წერილის მე-6 თავის კონტექსტი წავიკითხე და როგორც ჩანს, იქ სულაც არ არის ქორწინებაზე საუბარი, არამედ იმაზე, რომ ქრისტიანები არაქრისტიანებისგან გამოყოფილნი უნდა იყვნენ ეკლესიის შიგნით. შემდეგ შევეცადე ერთი მუხლი მაინც მეპოვა ისეთი, სადაც დაწერილი იქნებოდა, რომ ქრისტიანმა არ უნდა შექმნას ოჯახი არაქრისტიანთან, მაგრამ ვერ ვიპოვე ასეთი. ვესაუბრე იმ ქრისტიანებს, რომლებსაც ვენდობი. მათაც ვერაფერი იპოვეს − ერთი მუხლიც კი ვერ აღმოაჩინეს! ამრიგად, ვფიქრობ, ვცდებოდი და ახლა თავისუფლად შემიძლია ამ ურთიერთობის გაგრძელება.“
„გარდა ამისა, ის (შეყვარებული ბიჭი/გოგონა) ნამდვილად არის დაინტერესებული სახარებით და ნათქვამი აქვს კიდეც, რომ ჩემი რწმენა ძალიან მოსწონს და სულაც არ აპირებს ამის შეცვლას. ფაქტობრივად, ვფიქრობ, რომ ის ჩემი რწმენისათვის უფრო მეტი გამხნევება იქნება, ვიდრე სხვა უამრავი ქრისტიანი.“
ზოგიერთი ცდუნებისას, რომელიც საერთოა ბევრი დასაოჯახებელი ადამიანისათვის (მაგალითად, პორნოგრაფიასთან ბრძოლა), ქრისტიანებმა იციან, რომ არასწორს სჩადიან. ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი დაფარული რჩება. ცოდვის აღიარებისას რთული თავად ჩადენილის აღიარება კი არ არის, არამედ მონანიების ნელი და მტკივნეული პროცესი, მაგრამ არაქრისტიანთან რომანტიკულ ურთიერთობათა გაბმისას ყველაფერი სხვანაირად წარიმართება. ადამიანები ამას არ მალავენ, პირიქით, ცდილობენ გაამართლონ: თავდაპირველად, საკუთარი თავის წინაშე, ხოლო შემდეგ სხვა ქრისტიანების წინაშეც, რომლებიც აფრთხილებენ მათ ამ გზის შესახებ. ისინი ბიბლიის მეშვეობით ცდილობენ საკუთარი საქციელის სისწორის დამტკიცებას, თუკი ეს ურთიერთობები მათთვის „ისეთი კარგი შეგრძნებაა“.
წინამდებარე სტატიაში არ ვაპირებ ჩამოვაყალიბო მეთოდი იმის შესახებ, თუ როგორ გავუწიოთ კონსულტაცია მათ, ვინც ამ ცდუნების წინაშე დგანან. ამგვარ სტატიაში მოცემული უნდა იყოს მკაფიო სურათი იმისა, თუ როგორია ქორწინება: გადაწყვეტილებათა მიღება კარიერასთან, საცხოვრებელ ადგილის შერჩევასთან, ფინანსების განკარგვასთან, ბავშვების აღზრდასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყოველივე რთულია, თუ თქვენ და თქვენი მეუღლე სხვადასხვა რაღაცებს ესწრაფვით. ამგვარი კონსულტაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ღმერთის სანდოობასა და სიკეთეში ღრმად ჩაძიებას, ღმერთისა, რომელიც მოგვიწოდებს არა იმისკენ, რომ დავთმოთ მის მიმართ ჩვენი ერთგულება, არამედ, პირიქით, ვენდოთ მას.
ნაცვლად ამისა, მე შემოგთავაზებთ მოკლე ბიბლიურ თეოლოგიას ურწმუნოებთან შეხვედრების შესახებ. მსურს ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ურწმუნოსთან ურთიერთობაზე უარის თქმას მოითხოვს ღვთის მორჩილება. შევეცდები, რომ რაც შეიძლება მკაფიოდ ჩამოვაყალიბო ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, თუ რა გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს ამან თქვენში. ეს გრძნობები ცდუნებაა იმისა, რომ „სწორი“ უწოდოთ იმას, რასაც ღმერთი „მცდარს“ უწოდებს. ამ გრძნობებს თან არ ახლავს დასტური და მოწონება ღმერთის მხრიდან.
თუ ხსენებული საკითხის შესახებ მორწმუნის შეხედულება კონტექსტიდან ამოგლეჯილ რამდენიმე დამადასტურებელ ტექსტს (მუხლს) ემყარება და ამის გამო არ იწყებს რომანტიკულ ურთიერთობას ურწმუნოსთან, მაშინ, ფრიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხედულების გაბათილება სრულიად შესაძლებელია საპირისპირო სქესის ადამიანის მხრიდან დაჟინებული მზერის, ცოტაოდენი ყურადღებისა და შესაძლო, ხანგრძლივი ურთიერთობის მოლოდინით მოგვრილი აღტაცების მეშვეობით.
ასევე საკუთარი მტკივნეული გამოცდილებიდან ვიცი, რომ როდესაც ადამიანს მსგავსი შეხედულების სუსტი საფუძველი გამოეცლება პოტენციური ურთიერთობის დაწყებამდე, ასეთ დროს ის ვერ შეძლებს უფრო გულდასმით გამოიკვლიოს წმინდა წერილის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩამოიყალიბოს მტკიცე ბიბლიური საფუძველი.
მოკლე ბიბლიური თეოლოგია
ვიმედოვნებ, წინამდებარე სტატია სასარგებლო იქნება ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის და კიდევ უფრო სასარგებლო იმ ქრისტიანისათვის, რომელმაც ცდუნების წარმოქმნამდე დიდი ხნით ადრე უნდა მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ არაქრისტიანთან არ დაიწყოს რომანტიკული ურთიერთობა.
სიცხადისათვის ასევე ვიტყოდი, რომ რომანტიკულ ურთიერთობანი იწყება იმ შემთხვევაში, თუ საპირისპირო სქესის ადამიანთან დიდ დროს ატარებთ პირისპირ.
ცოტა ხნის წინ ერთ ჩემს ძვირფას მეგობარს ვესაუბრე, რაც საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. მან მითხრა, რომ არ აპირებდა ვინმესთან რომანტიკულ ურთიერთობათა დაწყებას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის, შუაღამის შემდეგ, უამრავ საათს ატარებდა ერთ ქალბატონთან პირისპირ საუბარში. ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
ნუ გაატარებთ საათებს ადამიანთან პირისპირ საუბარში, თუკი არ აპირებთ მასთან რომანტიკული ურთიერთობების გაბმას. იმ შემთხვევაში, თუ საპირისპირო სქესის ადამიანთან სახარების ქადაგების კარგი შესაძლებლობა გეძლევათ, გააცანით მას ვინმე ღვთისმოსავი ქრისტიანი − მისივე სქესის წარმომადგენელი. თუ ის ნამდვილად დაინტერესებულია სახარებით, ისევე სიხარულით მოუსმენს სხვა მორწმუნის საუბარს, როგორც თქვენსას. უფალს თუ თქვენი დაქორწინება სურს, ამას აუცილებლად დაგანახვებთ. გიჩვენებთ, რომ შესაძლებელია ამ ურთიერთობის გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი ირწმუნებს!
მეტიც, უცნაურია, რომ წმინდა წერილში ვცდილობდეთ ისეთი ტექსტების პოვნას, რომლებიც დაადასტურებდა არაქრისტიანთან შეხვედრების სისწორეს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, შეხვედრები/პაემნები, როგორც ეს ჩვენ გვესმის, არ ხდებოდა ბიბლიურ ეპოქაში. მეორე, კითხვა „ვისზე უნდა დავქორწინდე?“ − უნდა გამომდინარეობდეს ქორწინების რაობის შესახებ მთლიანი ბიბლიური სწავლებიდან და არა წესების შემცველი ორიოდე მუხლისგან.
ჩემი მოსაზრებით, თუკი ქრისტიანს ეკრძალება არაქრისტიანთან ოჯახის შექმნა, მაშ, ურწმუნოსთან შეხვედრებზე სიარული, სულ მცირე, ცდუნების განზრახ აყოლას ნიშნავს. თუ არაქრისტიანთან ოჯახის შექმნა არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სულიწმიდა არ მოაქცევს მას რწმენისკენ (რაზეც თქვენ ვერაფრით მოახდენთ გავლენას), მაშინ ფიქრი ამგვარ ქორწინებასთან დაკავშირებით უკიდურესად უგუნური და არასწორი იქნება.
ვიმედოვნებ, შევძლებ წარმოვაჩინო ის, თუ რაოდენ მკაფიოდ საუბრობს ბიბლია მორწმუნესა და ურწმუნოს შორის ქორწინების ცოდვასთან დაკავშირებით.
დაბადების პირველი თავი: ქორწინება ღვთის ხატების ამსახველი უნდა იყოს ღმერთისადმი მორჩილების მეშვეობით, რათა ადამიანმა ინაყოფიეროს და იბატონოს ქვეყნიერებაზე
დაბადების 1:26-28-ში ვხედავთ, რომ ღმერთის განზრახვით, ქორწინება პარტნიორობა უნდა იყოს: ცოლი და ქმარი ერთობლივად უნდა ბატონობდნენ ქმნილებაზე, თუმცა თავად უფლის ბატონობის ქვეშ უნდა იყვნენ. ჩვენ თუ ვერ გავაცნობიერებთ, რომ ღმერთის ბატონობის ქვეშ უნდა ვბატონობდეთ ქმნილებაზე, მაშ, გამოდის, ჩვენ ვბატონობთ კერპის ან კერპების ბატონობის ქვეშ. პრაქტიკულად რომ ვისაუბროთ, ეს გავლენას მოახდენს თქვენი და თქვენი მეუღლის მიერ ერთობლივად მიღებულ ყოველ გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, როგორ წყვეტთ, რა უნდა გააკეთოთ თქვენი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე? გააკეთებთ:
(1) იმას, რაც უფლისთვის მოსაწონია? (2) იმას, რაც თქვენ გსიამოვნებთ? (3) იმას, რაც სხვებს მოსწონთ?
ქრისტიანისათვის პირველი უნდა იყოს მეორესა და მესამეზე მნიშვნელოვანი, ხოლო არაქრისტიანისათის მხოლოდ მეორე და მესამე არსებობს.
დაბადების მე-2 თავი: ქორწინება პარტნიორობაა ღვთის საქმის კეთებაში
დაბადების წიგნის მე-2 თავში კიდევ უფრო კარგად არის ეს წარმოჩენილი. დაბადების 2:15-17-ში ვხედავთ, რომ ადამი არის წინასწარმეტყველიც, მღვდელიც და მეფეც უფლის მიერ შექმნილ ბაღ-სასუფეველში. თავად ღმერთმა მოათავსა ადამი ბაღში, რათა ებატონა ქმნილებაზე ღვთის უზენაესი მეფური ძალაუფლების მიერ დაწესებულ საზღვრებში (რაც ორი ხის მეშვეობით გამოიხატებოდა: კურთხევა და სიცოცხლე ღვთის ბატონობის ქვეშ ცხოვრებისთვის, ხოლო წყევლა და სიკვდილი მისი ბატონობის უარყოფისათვის).
მე-2 თავში ასევე დაწვრილებით ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ადამს არ აქვს უნარი იმისა, რომ თავისი მოწოდება (წინასწარმეტყველი-მღვდელი-მეფე) შეასრულოს მარტომ. მას შესაფერისი შემწე სჭირდება ამისათვის. სწორედ ამიტომაც, ღმერთი მისთვის ქმნის ევას, რათა მათ ერთად აღასრულონ ღმერთის მოწოდება და განადიდონ მისი სახელი მისივე ბატონობის ქვეშ.
მაშასადამე, ქორწინება პარტნიორობაა. „არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე“ − ამ სიტყვებში უმთავრესი ის კი არ არის, მამაკაცი მარტო იყო, არამედ ის, რომ ადამი სათანადოდ უნარიანი არ ყოფილა, ცოდვით დაცემამდეც კი. ღმერთმა მხოლოდ მამაკაცი როდი შექმნა იმისათვის, რომ აღესრულებინა მოწოდება და ყოფილიყო ღვთის ხატება. მან მამაკაცი და ქალი შექმნა იმისათვის, რომ ერთობლივად ეშრომათ ამ მოწოდებისათვის. მარტოხელა ქალებსა და მამაკაცებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება, კერძოდ კი, ეკლესიასთან ურთიერთობით, ქრისტეს სიყვარულის ქვეშ, რაც სულიერი ქორწინების გამოხატულებაა.
ამრიგად, ქრისტიანული განსაზღვრების მიხედვით ქორწინება პარტნიორობაა, თანამშრომლობაა სახარების საქმეში. არაქრისტიანთან ქორწინებაც პარტნიორობაა, მაგრამ უკვე სხვა საქმეში. მაშ, რატომ უნდა აირჩიოს ქრისტიანმა ამგვარი პარტნიორობა?
დაბადების მე-3 თავი: ცოდვა აზიანებს ქორწინებას
დაბადების მე-3 თავი გვიჩვენებს იმას, თუ რამხელა ზიანი მიაყენა ცოდვამ ქორწინებას. ადამი და ევა შიშვლები იყვნენ და არ რცხვენოდათ, შემდეგ კი ვხედავთ, რომ ისინი უკვე ერთმანეთს ემალებიან. თავის წყევლაში ღმერთი წარმოთქვამს, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ქორწინება იქნება ერთი ადამიანის ცოდვილი ნების ბრძოლა მეორე ადამიანის ცოდვილი ნების წინააღმდეგ:
„შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე.“ -- დაბადება 3:16
ეს იმას ნიშნავს, რომ სირთულე ყველა ქორწინებაშია, მაგრამ ქრისტიანულ ქორწინებაში მეუღლეებს აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ მოუწოდონ ერთმანეთს, ღმერთის სრულყოფილ ნებას დაუმორჩილონ საკუთარი ცოდვილი ნება. არაქრისტიანთან ოჯახის შექმნისას კი თქვენ კარგავთ ისეთი მეუღლის ყოლის კურთხევას, როგორი მეუღლეც მოგიწოდებდათ იმისკენ, რომ თქვენი ცოდვილი ნება დაგემორჩილებინათ ქრისტესთვის. ნაცვლად ამისა, გყავთ მეუღლე, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს მოწოდება ქრისტესთვის საკუთარი ნების დამორჩილების შესახებ.
ძველი აღთქმა იძლევა გაფრთხილებას ურწმუნოებთან ქორწინების შესახებ
დაბადების წიგნის დანარჩენ თავებში ჩვენ ვხედავთ დაჟინებულ მცდელობებს იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის ხალხი დაქორწინებულიყო მხოლოდ მათზე, ვინც უფალზე იყვნენ მინდობილნი.
დაბადების 24-ე თავში ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ რამხელა მანძილის გადალახვა უწევდა აბრაამს (რასაც თან ახლდა ღმერთის გასაოცარი პასუხები ლოცვაზე), რათა თავისი შვილი, ისააკი მორწმუნე რებეკაზე დაქორწინებულიყო.
დაბადების 27:46-28:9-ში ვკითხულობთ იმის შესახებ, როგორ სძულდათ რებეკასა და ისააკს საკუთარი ვაჟის ქორწინება ქანაანელ/ხეთელ ქალებთან. მიზეზი რასიზმი არ ყოფილა. მიზეზი რელიგიური გახლდათ.
დაბადების 34:8-9-ში ხამორი იწვევს იაკობის ძეებს, რათა ისინი შექემის (ქალაქი, რომელმაც თავისი ცუდი სახელი დინას მიმართ არასწორ მოქცევაში უკვე გამოავლინა) ასულებზე დაქორწინდნენ. ამ ქალაქის მცხოვრებლებზე დაქორწინება, მათთან აღრევა ყველაზე დიდი კომპრომისი იქნებოდა; ეს პირველივე თაობაში გაანადგურებდა ღვთის ერს.
ქანაანის დაპყრობისას უფალი მკაცრად უკრძალავს ისრაელიანებს შერეულ ქორწინებას:
„და არც დაუმოყვრდე მათ: ასული შენი არ მისცე მის ძეს, და ასული მისი არ მოუყვანო შენს ძეს; რადგან განაშორებენ შენს ძეს ჩემგან, და მსახურებას დაუწყებენ უცხო ღმერთებს, და აღიგზნება რისხვა უფლისა თქვენზე, და ის სწრაფად გაგანადგურებს.“ (მეორე რჯული 7:3-4)
ეს აკრძალვა მეორდება იესო ნავეს ძის 23:12-ში. შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებული ბიბლიური თვალსაზრისი არასოდეს გულისხმობდა იმას, რომ საბოლოოდ, შეიძლება, ქანაანელები უფლისკენ მოქცეულიყვნენ. შერეული ქორწინება გახდა მიზეზი მეფეების დაცემისა, მათ შორის, ბრძენთა ბრძენი სოლომონისაც კი (3 მეფეთა 11); ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი, მეფე ახაბია (3 მეფეთა 16-19). დადებითი მოვლენა ის გახლდათ, რომ ღვთის ერმა მოინანია შერეული ქორწინებანი, რის შესახებაც ვკითხულობთ ეზრას მე-19 და მე-10 თავებში.
მეორე მხრივ, თუ უცხოელი უკვე მოქცეული იყო, მაშინ, აბსოლუტურად არავითარი აკრძალვა არ მოქმედებდა მასზე დაქორწინებასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ეს დადებითად არის აღწერილი (იხ. მაგალითად, ციფორა, რახაბი, რუთი).
მთელი ბიბლიური მოწმობა მაფიქრებინებს, რომ ფრაზა „ურწმუნო მეუღლის ყოლი მიუხედავად, მაინც შევძლებ იესოს კვალდაკვალ სიარულს“ დიდი სიამაყის გამომხატველი განცხადებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სისუსტეს სათანადოდ ვერ აღვიქვამთ და მეტისმეტად ბევრს მოველით ღმერთის მადლისგან.
ძველი აღთქმა დადებითად აღწერს მორწმუნე ადამიანებს შორის ქორწინებას
იგავების წიგნის 31-ე თავი ახალგაზრდა კაცს მოუწოდებს იპოვოს კეთილშობილი ხასიათის მქონე ქალი. ხსენებული თავის კულმინაცია 30-ე მუხლია, სადაც კარგად ჩანს ქალის კეთილშობილების წყარო:
„მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია.“ -- იგავების 31:30
რამ შეიძლება მიგიზიდოთ პოტენციურ მეუღლეში: მშვენიერებამ, სილამაზემ თუ უფლის მოშიშებამ? არაქრისტიანის შემთხვევაში მხოლოდ პირველი ორი შეიძლება აღმოაჩინოთ: მაცდური მშვენიერება და ამაო სილამაზე.
რუთისა და ბოყაზის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი სურათია მორწმუნეთა შორის ქორწინებისა. ბოყაზი ყველაფრით უზრუნველყოფს რუთს და იცავს მას; რუთი ენდობა ბოყაზს და დგამს ღვთისათვის მოსაწონ ნაბიჯს. ეს არის საოცარი სიყვარულის ისტორია. ის მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ პოულობს ღვთისმოსავი კაცის სიყვარულს ქალი, რომელმაც უფლის მფარველობის ქვეშ ცხოვრება აირჩია.
ახალაღთქმისეული ტექსტებიდან ჩანს, რომ ურწმუნოებთან ქორწინების შესახებ აკრძალვა ისევ მოქმედებს
ახალი აღთქმის მთელი რიგი მუხლები ცხაყოფს იმას, რომ ძველაღთქმისეული აკრძალვა ურწმუნოებთან ქორწინების შესახებ არ გაუქმებულა.
„ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში.“ -- 1 კორინთელთა 7:39
„ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?“ -- 2 კორინთელთა 6:14
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მუხლი პირდაპირ ქორწინებას არ შეეხება, არამედ გვთავაზობს უფრო ზოგად პრინციპს იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს მოზიარეობა წარმართებთან, მაინც სრულიად შესაძლებელია გამოვიყენოთ იგს ამ კონტექსტში და დავსვათ კითხვა: რომელი მოზიარეობა შეიძლება იყოს უფრო ახლო და მჭიდრო, თუ არა მეუღლესთან მოზიარეობა? ვინმეს სურს ისეთი ქორწინება, რომელიც არ არისმოზიარეობა?
ურწმუნოებთან ქორწინება ნამდვილად იქნება რაღაცაში „მოზიარეობა“ ან „პარტნიორობა“, მაგრამ ეს არ იქნება „პარტნიორობა/თანამშრომლობა“ სახარებაში. მაშასადამე, ეს ქორწინება მორწმუნეს ზუსტად ისეთ რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს, რომლის შესახებაც გვაფრთხილებს 2 კორინთელთა 6:14.
„განა არა გვაქვს უფლება, დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ?“ -- 1 კორინთელთა 9:5
აქედან ცხადია ხდება, რომ ურწმუნო ცოლის ყოლა, მამაკაცს, სულ მცირე, მსახურების უფლებას ართმევს. ამის გამო ვერ შეძლებდით, მაგალითად, ეკლესიაში უხუცესად ყოფნას, ოდესმე რომ გქონოდათ კიდეც მსგავსი სურვილი.
ისინი, ვინც ახალი აღთქმის მოწმობას მოითხოვენ შერეული ქორწინების აკრძალვასთან დაკავშირებით, სწორედ ზემოხსენებულ ტექსტებს იპოვიან. ამავდროულად, ისინი ვერც ერთ მუხლს ვერ ნახავენ ისეთს, სადაც დაწერილი იქნება, რომ შერეულ ქორწინების ძველაღთქმისეული აკრძალვა უქმდება ახალი აღთქმის მორწმუნისათვის.
ახალი აღთქმა მკაფიოდ წარმოაჩენს დადებით ხედვას ქორწინებასთან დაკავშირებით
ახალი აღთქმა გვაძლევს უფრო მკაფიო გამოცხადებას ქორწინებასთან დაკავშირებით. ეს არის პარტნიორობა, რომელიც სურათია ეკლესიის მიმართ ქრისტეს გამომსყიდველი სიყვარულისა. ქორწინების მთავარი დანიშნულება ისაა, რომ სახარებას გამოსახავდეს (ეფესელთა 5:21-33; გამოცხადება 21:9-27). ამას გარდა, ის ასახავს ურთიერთობას მამასა და ძეს შორის (1 კორინთელთა 11:3).
ურწმუნოსთან ქორწინება ჰგავს ორი მხატვრის მცდელობას − დახატონ ორი სხვადასხვა სურათი ერთსა და იმავე ტილოზე. თქვენ ცდილობთ დახატოთ ეკლესიისა და იესოს სურათი, ხოლო თქვენი მეუღლე ცდილობს სრულიად განსხვავებული რამ დახატოს. ანდა, მაგალითად, მუსიკალურ ანაგლოგიას თუ მივმართავთ, ეს იქნება ისეთი პარტნიორობის მსგავსი, სადაც ერთი პიროვნება ცდილობს იმღეროს ერთი სიმღერა, ხოლო მეორეს სურს სრულიად განსხვავებული სიმღერა იმღეროს. თქვენ მღერით: „მსურს, რომ ვიმღერო იესოს შესახებ“, ხოლო თქვენი მეუღლე მღერის: „ეს სიმღერა მხოლოდ შენზეა და ჩემზე“. შეუძლებელია ჰარმონიის მიღწევა.
მორწმუნის ქორწინება ურწმუნოსთან (წარსულში გამოჩენილი ურჩობის გამო, ერთ მეუღლის უფლისკენ მოქცევისა თუ ქორწინების შემდეგ განდგომის გამო) მტკივნეული და წინააღმდეგობრივია, მაგრამ, საბოლოოდ, ეს უნდა იყოს ღვთის განსადიდებელი სიმღერა.
რა არის მორწმუნის ცხოვრების დანიშნულება? იესო ქრისტე გვეუბნება იოანეს სახარების მე-17 თავში:
„ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.“
მორწმუნე ცხოვრობს იმისათვის, რომ იცნობდეს ღმერთს მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით და ამ ცოდნაში უყვარდეს იგი, პატივს მიაგებდეს, თაყვანს სცემდეს და მიჰყვებოდეს მას. ბევრად უმჯობესია ცხოვრება ეკლესიასთან ერთად, მეუღლის გარეშე, ვიდრე ცხოვრება ისეთ ადამიანთან, რომელიც არ ცხოვრობს მარადისობისათვის.
*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „შეიძლება, თუ არა ქრისტიანებისა და არაქრისტიანების ქორწინება? -- ბიბლიური თეოლოგია“ და გამოყენებულია 9Marks Ministries-ის ნებართვით.
Comments